Газета "Ахпюр"

ვანაძორში გალა კონცერტი „მუსიკალური ბათუმი“ გაიმართა

Политика
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვანაძორში, შარლ აზნავურის სახელობის კულტურის სახლში დასკვნითი გალა კონცერტი - „მუსიკალური ბათუმი ვანაძორში“ გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობელი და მიეძღვნა მის ხსოვნას.

მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. ხაზი გაუსვა დამეგობრებულ ქალაქებს, ბათუმსა და ვანაძორს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს, ისაუბრა აჭარაში მცხოვრები სომხური დიასპორის კულტურულ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაზე.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, სამინისტროს საქმიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

გალა საღამოზე აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სოლო პროგრამით წარსდგა. აჟღერდა ქართული ხალხური, ქალაქური და კლასიკური სიმღერები. შესრულდა ერთობლივი ნომრები ქალაქ ვანაძორის კულტურის ცენტრის ფოლკლორულ ანსამბლთან და და კაპელასთან ერთად. ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ეროვნულმა ფოლკლორულმა ჰანგებმა და ტრადიციულმა რიტმებმა მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ღონისძიება განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
Made on
Tilda