Газета "Ахпюр"

ერევანში „მუსიკალური ბათუმის“ ფარგლებში ერთობლივი კონცერტი გაიმართება

2026-03-21 11:06 Культура
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პროგრამის „მუსიკალური ბათუმი“ ფარგლებში, 2026 წლის 26 მარტს, 19:00 საათზე, სომხეთში, ერევანში - არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმისა“ და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კამერული ორკესტრის ერთობლივი კონცერტი. მსმენელს ელოდება სპეციალური მუსიკალური პროგრამა კლასიკური მუსიკისა და ეროვნული, ქართული მრავალხმიანობის ჰარმონიული ჰანგებით.

ღონისძიება ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კულტურული კავშირების გაღრმავება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის განმტკიცება. ასევე, ქართული კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია საერთაშორისო სივრცეში.

პროგრამა „მუსიკალური ბათუმი“ აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით შეიქმნა, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენას, დაცვასა და პოპულარიზაციას.